არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯია“ ხელისუფლებას მიმართავს და უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში დახმარებისათვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„გამოვხატავთ მზადყოფნას ჩავერთოთ ემიგრანტების საქართველოში ჩამოყვანაში ევროპიდან და სხვა წერტილებიდან. საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე აღმოჩნდა საზღვრებს მიღმა, რომელთაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ. მათი ტრანსპორტირების პრობლემა არ არის მარტო ერთი კომპანიის გადასაწყვეტი. ჩვენს ინდუსტრიაში გაერთიანებულები არიან აეროპორტები და საქაერონავიგაცია. ამ კომპანიებს შეუძლიათ დააორგანიზონ მათი ჩამოყვანა. ამას სჭირდება კოორდინაცია. რა თქმა უნდა, ეს მთავრობის გასაკეთებელია და ჩვენ მზად ვართ, რომ მათ დავეხმაროთ. ყველა სტრუქტურა თუ ჩაერთვება, თავის წილ მოგებაზე უარს იტყვის და თავის პროდუქტს მოსახლეობას შესთავაზებს, ეს ეფექტური იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში და საკოორდინაციო საბჭოში ოფიციალური განცხადება ამ თემაზე ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
საქართველოს ხელისუფლებამ, რამდენიმე მიმართულებით სპეცრეისები უკვე დანიშნა, მათ შორისაა ამსტერდამი, ვარშავა, ათენი, ლარნაკა. ასევე 4 აპრილს განხორციელდება სპეციალური ფრენა ლონდონი-თბილისის მიმართულებით.
რაც შეეხება ესპანეთსა და იტალიას, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ბევრია, ჯერჯერობით ფრენები ჩანიშნული არ არის.